ნეტა ერთხელ ჩემს თავს შემყარა

ბევრი რომ ნახო,

სადმე წასვლა

სულ არ არის, თურმე, საჭირო.

სანახავი ყველგან ერთია.

მთავარია, იმ წუთებში

ვინა ხარ და რისი მსურველი.

მშვენიერების დამნახავი ხარ?

აიხედე:

ცა, ღრუბელი, ნისლი, ვარსკვლავი,

ფრთოსანი, ტოტი…

დაიხედე:

მტვერი, ეკალი, ყვავილი, ლოდი,

მიწა, კალია…

გაიხედე, გამოიხედე ―

ყველაფერი მშვენიერია.

სიმახინჯის დამნახავი ხარ?

აიხედე:

ცა, ღრუბელი, ნისლი, ვარსკვლავი,

ფრთოსანი, ტოტი…

დაიხედე:

მტვერი, ეკალი, ყვავილი, ლოდი,

მიწა, კალია…

გაიხედე, გამოიხედე ―

ყველაფერი მახინჯია და მოსაწყენი.

ბევრი მინახავს, მაგრამ მთავარი

უხილავი დამრჩება მარად ―

ჩემი თვალებით ჩემსავ თვალებში

ვერასოდეს ვერ ჩავიხედავ.

და ნეტა ერთხელ ჩემს თავს შემყარა…

ვინ არ მინახავს: ამვლელი, ჩამვლელი…

გულწრფელი პოეტიც კი,

კეთილი ქველმოქმედიც კი,

ბედნიერი შეყვარებულიც კი მინახავს.

და ნეტა ერთხელ ჩემს თავს შემყარა…

სარკე ყალბია ―

მინდა-არმინდა, საკუთარ თავს

ვენაზები მაინც სარკეში,

თან ისე ვცდილობ, გულწრფელი ვიყო,

აღარაფერი რჩება ჩემგან.

არა, სარკე სანდო არ არის.

ფოტოც ყალბია ―

თავს ძალიანაც შემოვუძახო,

ვეკრძალები ფოტოგრაფს ისე,

და იმგვარად მეშინია

ამ უწყინარი ადამიანის,

თითქოს, სურათს კი არ მიღებდეს,

როზგით მედგეს და დამჭყიოდეს:

აბა, გამოჩნდი!

აბა, მეჩვენე!

მე კი,

რადგან სულ არ მინდა,

მასთან გავშიშვლდე,

ვჯიუტობ, ვებრძვი, ვემალები,

ნიღაბს ვაჩეჩებ

და ისე ვცდილობ, ყალბი ვიყო,

აღარაფერი რჩება ჩემგან.

არა, ფოტოც არ არის სანდო.

ვინ არ მინახავს,

ზოგსაც კიდევ მერე ვიხილავ,

მაგრამ ამას _ “მე”-ს რომ ვეძახი,

ჩემთვის ყველაზე საინტერესოს,

ვერასოდეს გადავეყრები.

და ნეტა ერთხელ ჩემს თავს შემყარა…

სად მოვიძიო,

სად წავიდე,

ვისთან მივიდე,

საკუთარ თავს რომ შემახედოს;

ამომაფაროს სანდო სამალავს

და ჩუმად მითხრას:

“აგე, შენა ხარ…

უთვალთვალე, სანამ შეგნიშნავს”…

… ის მოდიოდეს და არ იცოდეს,

რომ მე ვუცქერი.

ესეიგი,

მე მოვდიოდე და არ ვიცოდე,

რომ იქვე, სადღაც,

საკუთარ თავს ჩავსაფრებივარ…

… მარტოდ მავალს თუ სხვებში შერეულს,

სასაცილოს თუ სევდის მომგვრელს,

კაციდან ხეზე

გულგრილად მზერის გადამნაცვლებელს

თუ

შენს ფანჯრებზე თვალებშეყინულს,

დაუმახინჯებელს,

შეულამაზებელს,

ნამდვილს,

უცაბედს ―

ნეტა, ერთხელ ჩემს თავს შემყარა…